EU-ის პრესსპიკერი: ვგმობთ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს

პუბლიკა

 „ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ევროკავშირის როლის შესახებ საქართველოში“,- ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადებაში.

„ბოლო დროს გავრცელებული ცრუ განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. არატრადიციული ღირებულებების დაწესებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობაა.

რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გამყოფი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შელახვა მხოლოდ იმ ადამიანების ინტერესებს ემსახურება, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლო როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ მისი მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია.ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მუდმივ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე.

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა  ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს.

იქამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 19 ივლისს ფეისბუკზე დაწერა რომ ელჩი ძალადობას ამართლებს“:

„როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს“, – დაწერა პაპუაშვილმა.