საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებთან, ასევე საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაიმართა პრეზენტაცია ევროკავშირში გაწევრებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკავშირი შეშფოთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში და მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან” დაკავშირებით ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა ევროკომისიის მიერ დასახულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არსებულ პროგრესზე. ევროკავშირი შეშფოთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ეს კურსი, რომელსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ მიჰყავს. ჩვენ ასევე გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები, რათა შემდეგ გავაკეთოთ შეფასება”, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა. [„მთავარი არხის” თარგმანი]