EU გამოთქვამს წუხილს და სერიოზულ შეშფოთებას, რომ რუსული კანონი კვლავ განიხილება

პუბლიკა

ევროკავშირი გამოთქვამს წუხილს და სერიოზულ შეშფოთებას, რომ რუსული კანონი პარლამენტში ხელახლა განიხილება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი შეახსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრების პროცესისთვის.

ევროკავშირი მიუთითებს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა.

„ნაბიჯი 9 გულისხმობს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს.

გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს”. – ნათქვამია განცხადებაში.