ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს შესახებ:
„საქართველოს საკითხზე ლიეტუვის ინიციატივით წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას, როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან მიმართებაში, რამდენადაც ჰუმანიტარული ვითარება უარესდება და ახლა შესაბამისი დროა ამისთვის”, – თქვა მან.
შეკითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიეტუვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები და ჯერ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს, სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოში არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვამდე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.
მან თქვა, რომ კვლავ წამოწევს სანქციების საკითხს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალადობენ და ადამიანის უფლებებს არღვევენ.
„ჩვენ დღეს საქართველოს საკითხზეც ვიმსჯელებთ. ქვეყანაში სიტუაცია უარესდება. კვლავ წამოვწევ სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობენ და ადამიანის უფლებებს არღვევენ. ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო არასწორ გზაზეა“, – თქვა კაია კალასმა.