ევროკავშირის სპიკერი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ „ევროკავშირს არ აქვს სპეციალური მექანიზმი ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოსაძიებლად, თუმცა, ის აქტიურად უჭერს მხარს და თანამშრომლობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW)“.
კითხვა, რომლითაც „პუბლიკამ“ EU-ს მიმართა, ეხებოდა 20-მდე ევროპარლამენტარის ინიცატივას, ევროკომისიას საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ „კამიტის“ შესაძლო გამოყენების საქმის გამოძიება მოსთხოვონ.
აღნიშნული ინიციატივა ჩეხ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ეკუთვნის. „პუბლიკას“ გრეროგოვამ მისწერა, რომ მისი განზრახვა არა ნაადრევი დასკვნების გამოტანა, არამედ კომისიისთვის თხოვნაა, შეაფასოს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა და განმარტოს, როგორ აფასებს მათ სერიოზულობას.
„როდესაც ამ მასშტაბის ბრალდებები გამყარებულია სანდო მედიისა და ექსპერტთა ანალიზით, ევროკავშირს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოახდინოს რეაგირება“. – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროკომისიის სპიკერის მიერ „პუბლიკისთვის“ გაგზავნილ წერილში ნათქვამია:
„ქართული ოცნება“ საქართველოში რეპრესიული გარემოს შექმნისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას მსოფლიოს არცერთ ნაწილში არ უნდა ჰქონდეს ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს დემონსტრანტების უფლებები.
2024 და 2025 წლების გაფართოების ანგარიშებში უკვე გამოთქმულია ღრმა შეშფოთება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასების მართვის ზომების არაპროპორციული და განურჩეველი გამოყენების გამო. მასში ასევე გამოთქმულია შეშფოთება პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ წამებისა და სხვა ფორმის სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებულ ინფორმაციებზე.
ძალადობის გამოყენების სავარაუდო შემთხვევებში, სწრაფი, გამჭვირვალე და სანდო გამოძიების ჩატარება ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებაა. თუმცა, ადგილობრივმა გამოძიებამ ვერ უზრუნველყო, რომ ძალადობის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყვნენ. ეს მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე, ხაზს უსვამს მის დამოუკიდებლობისა და სანდოობის ნაკლებობას და ხელს უწყობს დაუსჯელობის გარემოს შექმნას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ცნობები იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, სათანადოდ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს არ აქვს სპეციალური მექანიზმი, რათა გამოიძიოს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება, ის აქტიურად უჭერს მხარს და თანამშრომლობს „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან“ (OPCW), რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი პოტენციური შეფასების ჩატარების მანდატი“.
„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“ გამოძიების დაწყება მხოლოდ სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე შეუძლია.
2025 წლის 1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს. BBC-ის გამოძიებისვე თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ წყლის ჭავლში ასევე შეურია ტრიქლოროეთილენი, რომელიც ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება.
2025 წლის 6 დეკემბერს სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.