დღეს ევროპარლამენტში ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უსმენენ, რომელიც პოლიტიკის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატია. ევროპარლამენტარების თანხმობის შემდეგ, ის ამ პოზიციაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.
დეპუტატების კითხვებამდე, სხდომის დაწყების დროს კაია კალასი გახსნითი სიტყვით წარსდგა, სადაც უკრაინის „გამარჯვების“ აუცილებლობას გაუსვა ხაზი, ამასთან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2029 წლისთვის EU-ის მხრიდან ბლოკის გაფართოების მიმართულებით ხელშესახები შედეგები უნდა არსებობდეს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრების გაზრდა „გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“. თავის სიტყვაში კალასმა ჩამოთვალა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, როგორც სახელმწიფოები, რომლებიც „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ შეცვლას ცდილობენ.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საზღვრების გაფართოება თავად ბლოკის ინტერესებშია.
„ჩვენი მეზობლების პრობლემები დღეს, ხვალ უკვე ჩვენი იქნება“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ „გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც თავად ევროკავშირის ინტერესებშია“.
კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ითანამშრომლებს გაფართოების კომისარ მარტა კოსთან და ხმელთაშუა ზღვის საკითხების კომისარ დუბრავკა შუჩასთან, რათა გააძლიეროს რეგიონული სტაბილურობა და ეკონომიკური ინტეგრაცია.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, მან აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ თეთრი სახლის ოფისის ოფიციალურად დაკავებამდე, ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდება.
„რასაც გლობალურად მსოფლიოს გარშემო ვხედავ, ჩვენ ყველაზე ძლიერი მოკავშირეები ვართ და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ“, – თქვა მან.