EU-ის წარმომადგენლობა: ჩვენი აკრედიტებული წევრის არშეშვება ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლის, სიმონ ვანდერბურკის არშემოშვება ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას და მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინციდენტის გამო სიტყვიერი ბოდიში მოიხადა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადასტურებს, რომ EU-ის დელეგაციის წევრი 21 მაისს თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის აკრედიტებული წევრის შეშვებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემაც ევალება საქართველოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ მოიხადა სიტყვიერი ბოდიში ამ სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება”, – აღნიშნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

სიმონ ვანდერბურკის არშემოშვებაზე კომენტარი გააკეთა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და მან ფაქტს „ტექნიკური შეცდომა“ უწოდა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია შედგა და განემარტათ, რომ ვანდერბურკს აქვს საშუალება, რომ ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში და ისარგებლოს იმ დიპლომატიური იმუნიტეტით, რასაც მას საერთაშორისო სამართლებრივი აქტები აძლევს.

„მოგახსენებთ, რომ მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს იყო გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება. იგივე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან.

ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო გარკვეული სახის შეცდომა, შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად, საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი, სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და მე მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს,“ – განაცხადა დარახველიძემ.

გუშინ, 22 მაისს გვიან ღამით ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, სიმონ ვანდერბურკი საქართველოში არ შემოუშვეს. სიმონ ვანდერბრუკი გაფართოების პროგრამის ოფიცერია.