ევროკავშირმა ირანის რევოლუციური გვარდია (IRGC)ოფიციალურად გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 29 იანვარს მიიღეს. დღეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტთა სიაში საბოლოოდ დაემატა.
საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ 29 იანვარს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე, საბჭომ დღეს მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ევროკავშირის ტერორისტულ სიაში დამატების შესახებ.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
IRGC-ზე გავრცელდება შეზღუდვითი ზომები ევროკავშირის ანტიტერორისტული სანქციების რეჟიმის ფარგლებში. ეს მოიცავს ფონდებისა და სხვა ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აგრეთვე ევროკავშირის კომპანიების მხრიდან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ფონდებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ევროკავშირის ტერორისტული სიის ფარგლებში შეზღუდვითი ზომები ახლა უკვე 13 ფიზიკურ პირზე, ასევე 23 ჯგუფსა და ორგანიზაციაზე ვრცელდება.
აშშ-მა ირანის რევოლუციური გვარდია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2019 წელს გამოაცხადა.
ირანის რევოლუციური გვარდია (IRGC) ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუტია. ის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაარსდა შემდეგი მიზნით – დაიცვას ისლამური რესპუბლიკა, რევოლუცია და უზენაესი ლიდერი. ირანის რევოლუციური გვარდია არ არის იგივე, რაც ირანის რეგულარული არმია – ისინი პარალელურად არსებობენ.