EU-მ ქუთაისსა და ფოთს კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 ათასი ევრო გადასცა

პუბლიკა

EU-მ ქუთაისსა და ფოთს პროექტის EU4Culture ფარგლებში კულტურის მხარდაჭერის მიზნით 30 000-30 000 ევრო გადასცა.

იმავე ოდენობით თანხა გადაეცა ჩარენცავანსა და სევანს სომხეთში და ორჰეის მოლდოვას რესპუბლიკაში.

გრანტის თითოეული მიმღები EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრია.

გაცემული გრანტი მიზნად ისახავს 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას.

საქართველოს მუნიციპალიტეტები მიღებულ გრანტს 2024 წელს კულტურის განვითარების სტრატეგიებთან შესაბამისობაში არსებული კულტურული აქტივობების ჩასატარებლად გამოიყენებენ.

ქუთაისი „საჯარო ხელოვნების ფესტივალს” ივლისში გამართავს. ღონისძიების მთავარი მიზანია ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის გაძლიერება და   მრავალფეროვანი კულტურული გარემოს პოპულარიზაციაა საჯარო ინსტალაციების, პერფორმანსებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

ფოთის მუნიციპალიტეტი სექტემბერში მოაწყობს ღონისძიებას, სახელწოდებით „ფოკუსში: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი”, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა; ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა; კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი.

ეს აქტივობები ქალაქში მრავალფეროვანი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე.

პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.