EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცა

პუბლიკა

სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს – EU ელჩები სანქციების მე-18 პაკეტზე ოფიციალურად ოფიციალურად დღეს შეთანხმდნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი გამოეხმაურა ამ ნაბიჯს და თქვა, რომ ახალი პაკეტი „ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იქნება”.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეზღუდავს რუსული ბანკების წვდომას ფინანსურ რესურსებზე, აიკრძალება Nord Stream-ის მილსადენები და დადგენილია ნავთობის ფასის ქვედა ზღვარი.

რა წერია სანქციების მე-18 პაკეტში: 

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-18 პაკეტით SWIFT-ის სისტემიდან კიდევ 22 რუსული ბანკი გათიშა.

მანამდე, რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემიდან გამორთული იყო 23 რუსული ბანკი. ამ დროისთვის EU-ის მიერ სანქცირებულია 45 რუსული ბანკი.

SWIFT-ს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს. მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 55 იურიდიულ და კერძო პირს – 14 ადამიანს და 41 კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელი ქმედებებისთვის.

ამით ევროკავშირის მიერ უკრაინაში ომის გამო სანქცირებული იურიდიული და ცალკეული პირების რაოდენობამ 2500-ს გადააჭარბა.

გარდა ამისა, ევროკავშირი ამცირებს ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 60 აშშ დოლარიდან 47.6 აშშ დოლარამდე, რათა ის შეესაბამებოდეს ნავთობის მიმდინარე გლობალურ ფასებს. EU წერს, რომ ნერგავს ავტომატურ და დინამიურ მექანიზმს ნავთობის ფასის ლიმიტის შესაცვლელად და ამ ფასის ლიმიტის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ნავთობის ექსპორტი რუსეთის მთავრობის შემოსავლების ერთ მესამედია.

ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს. მათ ეკრძალებათ პორტებში შესვლა და საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურების მიღება. ამით სანქცირებულთა სიაში შესული გემების რაოდენობა 444-მდე გაიზარდა.

ჩრდილოვანი ფლოტი მოიცავს გემებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ნავთობის გადაზიდვაში, ასევე ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს. ტანკერებს იარაღი ან მოპარული უკრაინული მარცვლეული გადააქვთ.

სრულმასშტაბიანი სანქციები (აქტივების გაყინვა, მოგზაურობის აკრძალვა, რესურსებით უზრუნველყოფის აკრძალვა) მიმართულია რუსული და საერთაშორისო კომპანიების მიმართ, რომლებიც მართავენ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს. ამ კომპანიებს შორის არის ინდოეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის მთავარი აქციონერი „როსნეფტია“.

სანქცია პირველად შეეხო ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი გემის კაპიტანს, ასევე საერთაშორისო დროშის მქონე კერძო ოპერატორს. ასევე, სანქცირებულთა სიაში შევიდა რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის სექტორის ერთი სუბიექტი.

გარდა ამისა, ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული ნავთობპროდუქტი იმპორტზე ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების გარდა. ამით რუსეთს ხელი შეეშლება, მისი პროდუქტი ევროკავშირში „უკანა კარიდან” მოხვდეს.

ევროკავშირი ასევე აწესებს სრულ აკრძალვას გაზსადენზე: Nord Stream 1-სა და 2-ზე, მათ შორის საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე, რითაც ხელს შეეშლება Nord Stream 1-ისა და 2-ის მილსადენების დასრულებას, მოვლა-პატრონობას, ექსპლუატაციას და მომავალში მათ გამოყენებას.

ევროკავშირი ამცირებს მესამე ქვეყნის ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტებისა და კრიპტოაქტივების მომსახურების მიმწოდებლების სანქცირების ზღვარს. ეს კომპანიები ხელს უშლიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აღსრულებას, მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში ან დაკავშირებული არიან სისტემა SPFS-სთან, რომელიც SWIFT-ის რუსული ალტერნატიული ვერსიაა, შემუშავებულია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ და გამოიყენება რუსული ბანკების ევროკავშირის სანქციების ზემოქმედებისგან დასაცავად.

ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტებისა და კრიპტოაქტივების მომსახურების მიმწოდებლების მიმართ. ასევე გაფართოვდა ტრანზაქციების აკრძალვა მესამე ქვეყნის ოპერატორებისთვის, რომლებიც გვერდს უვლიან ნავთობთან დაკავშირებულ აკრძალვებს.

გარდა ამისა, აკრძალვა ეკისრება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან (RDIF) და მის ქვე-ფონდებთან და კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებას. ევროპულმა საბჭომ შეიმუშავა ინსტრუმენტი, რათა ასეთი აკრძალვა გაავრცელოს გარკვეულ კომპანიებზე, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია განახორციელა და იმ სუბიექტებზე, რომლებიც თავად RDIF-ს აწვდიან საინვესტიციო მომსახურებას ან სხვა ფინანსურ მომსახურებას. ასეთ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს საბჭო შეარჩევს; ოთხი რუსული სუბიექტი, რომლებშიც RDIF-მა ინვესტიცია განახორციელა, უკვე სანქციების სიაშია. ეს ზომა კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გლობალურ ფინანსურ ბაზრებსა და უცხოურ ვალუტაზე.

ასევე, ევროკავშირი აწესებს ახალ აკრძალვას საბანკო და ფინანსურ სექტორში გარკვეული გამოყენების პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სისტემებისა და რუსული ფინანსური კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, მიწოდებაზე, გადაცემასა და ექსპორტზე.

ევროკავშირმა ასევე დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომწოდებლებს, მათ შორის ჩინეთში დაფუძნებულ 3 კომპანიას, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოყენებულ საქონელს ყიდიან. პაკეტი ასევე მოიცავს ბელორუსის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მოქმედ 8 კომპანიას, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის ომს უკრაინაში.

26 ახალი სუბიექტი დაექვემდებარება ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს – ამ ტექნოლოგიებმა შეიძლება ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას. ამ სუბიექტებიდან თერთმეტი მდებარეობს მესამე ქვეყნებში (შვიდი ჩინეთსა და ჰონგ-კონგში და ოთხი თურქეთში). ისინი მონაწილეობენ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) შემთხვევაში.