EU-მ სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ კიდევ 12 პირს

პუბლიკა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინაში ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ კიდევ 12 პირს. მათ შორის არიან უკრაინის, საფრანგეთის, შვეიცარიის და რუსეთის მოქალაქეები. სიაში მოხვდა 2 ორგანიზაციაც. სანქციები დღეიდან, 15 დეკემბრიდან ამოქმედდა.

სანქციები დაუწესდა ჯონ მარკ დუგანს, რომელიც წარსულში ფლორიდის შერიფის მოადგილე იყო. ის აშშ-დან რუსეთში 2016 წელს გაიქცა. მას ადანაშაულებდნენ რუსულ სამხედრო დაზვერვასთან კავშირსა და კრემლის მხარდამჭერ ციფრულ საინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობაში – ბრალდების თანახმად, დუგანი ახალი ამბების ყალბი ვებსაიტების ქსელს მართავდა. ის ჩართული იყო არჩევნებში რუსულ ჩარევაში, პოლიტიკოსების დისკრედიტაციისა და დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში.

სანქცირებულთა სიაშია შვეიცარიელი ჟაკ ბო – შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი; ყოფილი სტრატეგიული ანალიტიკოსი, დაზვერვისა და ტერორიზმის სპეციალისტი.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი ჟაკ ბო პრორუსული ტელევიზიისა და რადიოს გადაცემების რეგულარული სტუმარია – ის პრორუსული პროპაგანდის რუპორია და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს – მაგალითად, უკრაინას NATO-ში გაწევრების მიზნით საკუთარ ქვეყანაში შეჭრის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

EU წერს, რომ ამრიგად, ჟაკ ბო პასუხისმებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომლებიც ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის გამოყენებით ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მესამე ქვეყანაში (უკრაინა) სტაბილურობას ან უსაფრთხოებას.

რუსეთთან კავშირის გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა საფრანგეთის მოქალაქე ქსავიე მოროსაც – EU წერს, რომ მორო ბიზნესმენი და ვებგვერდ Stratpol-ის რუპორია და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს – ჟაკ ბოს მსგავსად, ისიც ამბობს, რომ უკრაინამ მოახდინა რუსეთის შეჭრის ორგანიზება NATO-ში გაწევრების მიზნით.

სანქცირებულია უკრაინელი დიანა ვიტალივნა პანჩენკო, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს და NATO-ს საწინააღმდეგო, ანტიუკრაინულ და პრორუსულ ნარატივებს.

მაგალითად, როგორც EU წერს, თავის ვიდეოებში ის მიზანმიმართულად ჰბაძავს საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებებს, რათა მოახდინოს კრემლის ნარატივების ლეგიტიმაცია. ცდილობს, უკრაინის ხელისუფლება ნაცისტებად წარმოაჩინოს, რომელიც თავის ხალხს ღალატობს და ამართლებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და დანაშაულებს.

გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციები დაუწესდათ რუსეთის მოქალაქეებს: სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცრებს: დმიტრი გოლოშუბოვს, დენის დენისენკოს და ვლადისლავ ბოროვკოვს, პროპაგანდისტ ჟურნალისტს და პოლიტოლოგს, სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სამეცნიერო ხელმძღვანელ ფიოდორ ლუკიანოვს, ამავე კლუბის პროგრამების დირექტორს, პოლიტოლოგ ივან ტიმოფეევს, „ვალდაის“ განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, მედიამენეჯერი ანდრეი ბისტრიცკის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დეკან ანდრეი სუშენცოვს და „კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დმიტრი სუსლოვს.