EU-მ ვერ მიიღო რუსეთზე სანქციების მე-20 პაკეტი — ის უნგრეთმა დაბლოკა

პუბლიკა

EU-მ ვერ მიიღო რუსეთზე სანქციების მე-20 პაკეტი — ის უნგრეთმა დაბლოკა.

სანქციების მიღებაზე დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობდნენ.

სანქციების ახალი პაკეტის დაბლოკვის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ 22 თებერვალს განაცხადა – მან თქვა, რომ დაბლოკავს რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებას, სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით.

მანამდე, 20 თებერვალს სიიარტრომ გაახმოვანა კიდევ ერთი მუქარა, რომ დაბლოკავს $90-მილიარდიანი სესხის გაცემას უკრაინისთვის, თუ „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

საბჭოს სხდომის პარალელურად სიიარტრომ კიდევ ერთი განცხადება დაწერა X-ზე.

მან თქვა, რომ „უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის წევრები არიან, უკრაინა კი არა“.

„მიუხედავად ამისა, ბრიუსელი უკრაინის მხარეს იჭერს საკუთარი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ. დღეს მინისტრები კვლავ ფოკუსირებულნი იქნებიან „არა უკრაინაზე, არამედ უნგრეთზე ზეწოლაზე“, – თქვა მან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა, რომ „ძალიან წუხს“ ამის გამო.

„ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს არ არის ის მესიჯი, რისი გაგზავნაც უკრაინისთვის გვინდა. მაგრამ მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა მან.

კალასმა ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია, რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ცეხლის შეწყვეტა მიღწეული არ არის.

„მშვიდობისთვის დაბრკოლებას არა უკრაინა, არამედ რუსეთი წარმოადგენს. ჩვენ უნდა შევცვალოთ რიტორიკა და უკრაინაზე ტერიტორიების დათმობის მიზნით ზეწოლიდან გადავიდეთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის საბაზისო პირობების შესასრულებლად.

ევროპას აქვს მკაფიო და ლეგიტიმური ინტერესი იმაში, თუ როგორ დასრულდება რუსეთის ომი. იმისათვის, რომ ევროპული ინტერესები არ იქცეს თანმდევ ზიანად, ჩვენ მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, რას ველით რუსეთისგან: საზღვრების პატივისცემა, დივერსიების შეწყვეტა, ომის ზარალის ანაზღაურება და გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება არ არის მხოლოდ შორეული მოთხოვნები – ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა კაია კალასმა.

„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება.

კიევი უარყოფს უნგრეთის ბრალდებებს, რომ უკრაინამ მილსადენი მიზანმიმართულად შეაჩერა და აცხადებს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

უნგრეთის ბრალდებების საპასუხოდ, ევროკავშირში უკრაინის საელჩომ ევროკომისიას წერილით მიმართა და სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების გაგრძელება შესთავაზა „ან უკრაინის ნავთობის სატრანსპორტო სისტემის, ან საზღვაო მარშრუტის მეშვეობით“.