EU-მა უკრაინას წიაღისეულზე „ორმხრივად მომგებიანი'' შეთანხმება შესთავაზა - POLITICO

პუბლიკა

POLITICO-ს ცნობით, ორშაბათს ევროკავშირმა უკრაინას „კრიტიკულ წიაღისეულზე” საკუთარი შეთანხმება შესთავაზა – როგორც სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარი სტეფან სეჟურნე ამბობს, EU-ის შეთავაზება იქნება ორივე მხარისთვის მომგებიანი.

„ევროპისთვის აუცილებელი 30 კრიტიკული მინერალიდან 21-ის მოწოდება შეუძლია უკრაინას ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის პირობებში. ევროპის [შეთავაზების] დამატებითი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც არ იქნება ორმხრივად სასარგებლო “ – განაცხადა სეჟურნემ.

გარდა იმისა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისგან მინერალური რესურსების უფლებების მიღებას ითხოვს, ვაშინგტონის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მას, ასევე, სურს 500 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაცია – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამ ეტაპზე, უარს ამბობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ორი შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე და ამბობს, რომ პირობები არის ზედმეტად მკაცრი.

New York Times-ის ინფორმაციით, ეს პირობები ითვალისწინებს კიევის მიერ მინერალების დათმობას, გაზისა და ნავთობით მიღებულ მოგებას, ასევე, პორტებიდან და სხვა ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე უარის თქმას.

„მე ხელს არ მოვაწერ შეთანხმებას, რომლის გადახდაც უკრაინის 10 თაობას მაინც მოუწევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „ძალიან ახლოს არიან” – მისივე თქმით, ეს შეთანხმება მოიცავს იშვიათ წიაღისეულებსა და სხვა საკითხებსაც.

პარალელურად, გუშინ ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუში აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, რომლის ფარგლებშიც ის აშშ-ის ალუმინის მიწოდებას, ასევე, რუსეთის იშვიათი მეტალების საბადოების ერთობლივ გამოკვლევას სთავაზობს. როგორც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან იშვიათი მეტალების მოსაპოვებლად როგორც რუსეთში, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში.

მისი თქმით, მზად არის, აშშ-ის მიყიდოს 2 ტრილიონი ტონა ალუმინი, თუ აშშ მოხსნის სანქციებს, რომელიც რუსული მეტალების იმპორტს ზღუდავს. კერძოდ, მან თქვა, რომ მოსკოვს შეუძლია მოიწვიოს ამერიკული კომპანიები, რათა ციმბირის კრასნოიარსკის რეგიონში განავითარონ ალუმინის მარაგები – მისი შეფასებით, ეს ინიციატივა, დაახლოებით, 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა.