საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. დილით გავრცელებულ განცხადებაში პარტია წერს, რომ „ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იურისტები ეხმაურებიან. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.