EU და 12 ქვეყანა: შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველოში

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროსაბჭოში და მასთან ერთად 12 არაწევრი ქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირის ქვეყნებს უერთდებიან: ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

ჯამში განცხადების ხელმომწერია 39 ქვეყანა.

მასში ნათქვამია:

  • ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით.
  • 1-3 სექტემბერს, ოცდაერთ პირს ბრალი წარუდგინეს ჯგუფური ძალადობის „ორგანიზების” ან „მონაწილეობის”, ნარკოტიკების უკანონო შენახვის ან სხეულის განზრახ დაზიანების მუხლებით, სანამ სასამართლო პროცესები გრძელდება.
  • მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური ოპოზიციის ორი ლიდერი შეიწყალეს, სხვები დააკავეს და იძალადეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
  • საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
  • ვიმეორებთ, რომ ფუნქციური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე მუშაობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.
  • ვწუხვართ, რომ საქართველომ დროულად არ მოიწვია ეუთო/ოდირის მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ახლანდელ ქმედებებს.