EU რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმებას გააუქმებს - სიიარტო

პუბლიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმებას გააუქმებს, თუმცა ბლოკის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის სრულად აკრძალვაზე.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სიიარტომ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთმა ხელი მოაწერა რუსული „გაზპრომთან“ სექტემბრიდან დამატებითი გაზის გადაზიდვის შესახებ. მიმდინარე თვის დასაწყისშიც „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის გაზის მიწოდება გაზარდა.

მისივე თქმით, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთი ზოგიერთ სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, შეეწინააღმდეგა რუსეთისთვის ვიზის სრულად აკრძალვას.

აღმოსავლეთ ევროპისა და ნორდიკული ქვეყნები მტკიცედ უჭერდნენ მხარს რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას, თუმცა გერმანიამ და საფრანგეთმა საპირისპირო პოზიცია გამოხატეს და აღნიშნეს, რომ სრული აკრძალვა კონტპროდუქტიული იქნება და რომ რუსეთის რიგით მოქალაქეებს კვლავ უნდა ჰქონდეთ წვდომა დასავლეთის ქვეყნებზე.


Politico-ს ცნობით, რუსი ტურისტებისთვის ვიზების პირდაპირ აკრძალვასთან დაკავშირებით, კვიპროსი და საბერძნეთი მიემხრნენ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიციას. ისინი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები – ბალტიისპირეთის, ფინეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მეთაურობით, ითხოვდნენ მოგზაურობის სრულ აკრძალვას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების შეშვების შესახებ განაცხადა, რომ „ეს არ არის კარგი იდეა“.

რუსეთის მეზობელმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა ესტონეთი და ფინეთი, ეროვნულ დონეზე უკვე მოამზადეს საჭირო ზომები, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას ისახავს მიზნად.