Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, რომ შეაჩერონ მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც სავიზო რეჟიმის გამარტივებას გულისხმობს. გამოცემა მოლაპარაკებებში მონაწილე სამ ოფიციალურ პირს ეყრდნობა.
გამოცემის ცნობით, მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ნებართვის შეზღუდვის საკითხი, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ითხოვს ტურისტული ვიზების პირდაპირ აკრძალვას, მაგრამ უმრავლესობა ამის მომხრე არ არის.
როგორც FT წერს, პირველ ეტაპზე, საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ სამშაბათს და ოთხშაბათს, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე პოლიტიკურად მხარი დაუჭირონ სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაუქმდება შეღავათები, ვიზის მისაღებად საჭირო გახდება მეტი დოკუმენტაციის წარდგენა, გაიზრდება მოცდის დრო და ვიზის საფასური.
Politico-ს ცნობით, რუსი ტურისტებისთვის ვიზების პირდაპირ აკრძალვასთან დაკავშირებით, კვიპროსი და საბერძნეთი მიემხრნენ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიციას. ისინი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები – ბალტიისპირეთის, ფინეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მეთაურობით, ითხოვდნენ მოგზაურობის სრულ აკრძალვას.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების შეშვების შესახებ განაცხადა, რომ „ეს არ არის კარგი იდეა“.
რუსეთის მეზობელმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა ესტონეთი და ფინეთი, ეროვნულ დონეზე უკვე მოამზადეს საჭირო ზომები, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვას ისახავს მიზნად.