EU-ს დახმარებაზე უარი დასავლური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო  ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება „თავს იკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც მათი შეფასებით, წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.

„რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით „დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით.”

„ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატ მესხთა კავშირი