EU-ს გადაწყვეტილებამდე კიდევ ერთი ძალიან მავნებლური ქმედება ან კანონპროექტი იქნება თქვენგან - გოცირიძე „ოცნებას"

პუბლიკა

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟისთვის განგებ გამოდის სხვადასხვა დამაზიანებელი ინიციატივით. მან გაიხსენა რუსეთთან ფრენის აღდგენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ასევე გამოყო ე.წ. კარვების კანონიც და აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი რეზონანსული, მავნებლური ინიციატივისთვის ემზადება.

გოცირიძემ აღნიშნა, ამ ყოველივეს „ოცნება” დროში დაამთხვევს ევროკავშირის გადაწყვეტილების პერიოდს, რათა საქართველოსთვის არ მოხდეს სტატუსის მინიჭება.

„დღეს მიდის სამარცხვინო პროცესი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, ეს თქვენ შეგნებულად დაგეგმეთ, იმის გამო, რომ დაამთხვიოთ ოქტომბერს, ოქტომბრის ბოლოს ასევე აქ გაიმართება კენჭისყრა – იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად, როდესაც ევროკავშირი გააკეთებს შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ან გახდება კანდიდატი, ან არა.

სპეციალურად დაამთხვიეთ გამაღიზიანებელი ე.წ. კარვების კანონი. იცით რა, რომ ამას მოჰყვება უარყოფითი რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. ამას აკეთებთ მავნებლურად და შეგნებულად. კარვების კანონი არის ბოლოსწინა მავნებლობა.

აი, ბოლო მავნებლობის შესახებ მინდა ვთქვა. არ ვიცი, რა იქნება სათაურად, მაგრამ აუცილებლად, კიდევ ერთი, ძალიან რეზონანსული, (რუსეთთან ფრენების აღდგენის ან აგენტების კანონის მსგავსი) ერთი ძალიან მსუყე, გამაღიზიანებელი ქმედება ან კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, და ამას ზუსტად დაამთხვევთ, როდესაც ევროკავშირში იქნება გადაწყვეტილების მიღების დღეები.

რატომ აკეთებთ ამას? – იმიტომ, რომ ასე დაგავალათ იმ თქვენმა უფროსმა, რომელიც იმართება რუსეთიდან. თქვენ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრება კი არ გინდათ, არამედ გინდათ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის მეშვეობით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.