EU-ს სურს, დააჩქაროს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის უკრაინისთვის გადაცემა - FT

პუბლიკა

Financial Times-ის ინფორმაციით, ბრიუსელი რუსეთისთვის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის გადაცემის დაჩქარებას ცდილობს. გამოცემის თანახმად, საუბარია 2-დან 3 მილიარდამდე ევროზე, რის მიწოდებაც EU-ის მიმდინარე წელს სურს.

ამის შესახებ მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმას, რომელიც მოიცავს თებერვლის შემდეგ სანქციების შედეგად მიღებულ მოგებას.

მათი ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი წევრი სახელმწიფოების თანხმობას მოიპოვებს, პირველი ტრანში, შესაძლოა, კიევში ივლისში გადაირიცხოს. FT-ის ვარაუდით, ამ წინადადებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას EU-ის სამიტამდე წარადგენენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიციაა, რომ ეს თანხები სამხედრო მხარდაჭერას მოხმარდეს – თავდაპირველად, მათი გამოყენება ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის იყო გათვალისწინებული.