EU-ს ლიდერები: მზად ვართ, ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტის ჩატარების მიმართულებით ვითანამშრომლოთ

პუბლიკა

ევროპის წამყვანი ლიდერები – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კეირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პორტუგალიის პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი – ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარს უჭერენ.

„ამ დილით, ალასკასი გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა გაგვაცნო ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად.

ლიდერებმა მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, შეაჩეროს მკვლელობა უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და მიაღწიოს სამართლიან და მდგრად მშვიდობას.

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ გაფორმდება“. როგორც პრეზიდენტ ტრამპმა განაცხადა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, რომელსაც ის მალე შეხვდება.

ჩვენ ასევე მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თანამშრომლობისთვის ევროპული მხარდაჭერით გამართულ სამმხრივ სამიტზე.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები.

არავითარი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნებთან. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვაზე.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება. ჩვენ გვამოძრავებს სურვილი გავაძლიეროთ უკრაინა, რათა დასრულდეს ბრძოლა და დამყარდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

მანამ, სანამ უკრაინაში მკვლელობა გრძელდება, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. გავაძლიერებთ სანქციებსა და ეკონომიკურ ზომებს, რათა შევასუსტოთ რუსეთის საომარი ეკონომიკა მანამ, სანამ არ დამყარდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

უკრაინა შეიძლება ეყრდნობოდეს ჩვენს მტკიცე სოლიდარობას, როცა ერთად ვმუშაობთ ისეთ მშვიდობაზე, რომელიც დაიცავს როგორც უკრაინის, ისე ევროპის არსებით უსაფრთხოების ინტერესებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ალიასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 18 აგვისტოს, პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება.

„ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა ყველა დეტალი განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასასრულებლად – მადლიერი ვარ ამ მოწვევისთვის”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ა15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში წარიმართა და დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა.

დონალდ ტრამპმა ალასკაზე მოლაპარაკებების შემდეგ,  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრა „პროდუქტიული იყო“

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა.

რამდენიმე პუნქტზე შეთანხმება მოხერხდა, რამდენიმეზე ვერა, მათი უმეტესობა მეორეხასირხოვანია, მაგრამ ერთი მათგანი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია.”- განაცხადა ტრამპმა.

პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს. ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.