EU-ს მხარდაჭერით ნარკოპოლიტიკასა და მოხმარების პრევენციაზე ორიენტირებული პროექტები იწყება

პუბლიკა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციაზე, ამ მიმართულებით სტრატეგიებისა და ნარკოკანონმდებლობის დახვეწაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება იწყება.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი (GIP-T)“ უძღვება.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია:

  • დანაშაულისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ფსიქოაქტიურ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობების გაზრდა;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში ხარისხიანი განათლების ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა;
  • ქცევითი, ემოციური და ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მულტიდისციპლინური მომსახურების უზრუნველყოფა და ადვოკატირება;
  • მცირე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა დაუცველი თემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (საზოგადოების უსაფრთხოების პროექტები ეთნიკური უმცირესობებისთვის, დასაქმების პროექტები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ჯგუფებისა და ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთათვის და ა.შ.).

ფონდის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი პროექტის მიზნებზე გვესაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ღიობებს, რაც ქვეყანაში არსებობს და რის შევსებასაც ისახავს მიზნად დაგეგმილი აქტივობები:

„ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ პასუხისმგებელია ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მულტიდისციპლინური ზრუნვის სერვისის დახვეწაზე. ეს არის 4 სერვისი – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. იმ ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქვთ ემოციური ქცევითი პრობლემები და ვინც ექსპერიმენტირებს ფსიქოაქტიური საშუალებებით ან აზარტული თამაშით, ან ინტერნეტზე დამოკიდებულების ნიშნები აქვს.

…ამ სეგმენტისთვის, პრაქტიკულად, არაფერია ქვეყანაში და პროგრამა სწორედ ამ ღიობის შევსებაზეა მიმართული… ძალიან ხშირად ექსპერიმენტირება არის იმის ნიშანი, რომ ბავშვს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის, ემოციური ან ქცევითი პრობლემები, ან ოჯახური სისტემის პრობლემაა, დისფუნქციაა ოჯახში, ან ბულინგს აქვს ადგილი… ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს და სწორედ ამ მომენტში ზრუნვა შეწყვეტს დაავადების განვითარების ტრაექტორიას… არ უნდა დაველოდოთ, რომ  დამოკიდებულების სინდრომი ჩამოყალიბდეს“, – ამბობს ჯავახიშვილი.

პროექტს გიფ-თბილისი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, მედიაორგანიზაცია „პუბლიკა“, ჰამბურგის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა და ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროგრამის ოფიცერი ლალი ჩხეტია იმედოვნებს, რომ პროექტების შედეგად თავმოყრილ – მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს სახელმწიფო გაიზიარებს და დანერგავს მომავალში.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი ნარკომოხმარებასა და ნივთიერებათა ავად მოხმარებასთან დაკავშირებით და ასევე შეიქმნა პრევენციის სტრატეგიაც. ეს იმდენად მასშტაბური პროცესია და მასშტაბური დოკუმენტი, რომ სახელმწიფოს, სადაც მანამდე ასეთი სისტემური პრევენციული ღონისძიებები არ არსებობდა, გაუჭირდება დამოუკიდებლად ამ გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომაც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენს საგრანტო კონკურსში სწორედ ამ მიმართულებების მხარდაჭერა ჩაიდო.

ვიცით, ქვეყანაში არსებობს დაგროვილი ექსპერტიზა, დაგროვილი გამოცდილება, სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, მათ შორის, ჩვენი და სხვა საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერით შექმნილი სერვისებისა, რომელთა ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა გადაიბაროს ეს სერვისები. ჩვენი ამოცანაც ის იყო, რომ მომხდარიყო მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისების იდენტიფიცირება, დაუმტკიცონ სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა, რომ ეს მუშაობს, რომ ამგვარ ჩარევას რეალური შედეგი აქვს“, – ამბობს ის.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება, საქართველოში  უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ – ასეთია მეორე პროექტის სახელწოდება. მას სამი წლის განმავლობაში ღია საზოგადოების ფონდი ექვს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განახორციელებს. 

► პროექტი მოიცავს აქტივობებს სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემისა და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების განვითარების, ჯანდაცვის სერვის პროვაიდერებისა და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

► შემუშავდება  ნივთიერების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგიები და ინტერვენციის მექანიზმები. გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ცვლილების ადვოკატირებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემატური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას.

ფონდის წარმომადგენელი მარი ჩოხელი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან პროცესების ჩაეყარა საფუძველი. ამ პროექტის ფარგლებში კი, არსებული საქმის გაგრძელება, დახვეწა, გადახალისება და ნარკოპოლიტიკაში ჰუმანური მიდგომის ადვოკატირებაა დაგეგმილი. ის ხაზს უსვამს სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზეც საუბრობს.

„სათემო ორგანიზაციების ხმა, ბუნებრივია, ყველა კომპონენტში უნდა ისმოდეს. პროექტის ფარგლებში შექმნილია მრჩეველთა კომიტეტი, რომელიც დაგვეხმარება სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში. ამის გარდა, დიდი წილი ექნება ე.წ. მცირე გრანტების პროგრამას, რომელზეც დაახლოებით 400 000 ევრო იქნება მობილიზებული და საქართველოს მთელი მასშტაბით სათემო ორგანიზაციებზე იქნება მიმართული, მათ გაძლიერებაზე, ადვოკატირების კომპონენტზე, მედიაკომპონენტსა და ა.შ.

აქვე აღვნიშნავ, რომ პოსტკოვიდურმა პერიოდმა, საქართველოში მიგრაციის გამწვავებამ, გაზრდამ საქართველოში და დონორული დაფინანსების შემცირებამ განაპირობა ის, რომ ეს მცირე გრანტების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაეხმარება ამ ორგანიზაციებს როგორც მდგრდობის შენარჩუნებაში, ასევე განვითარებაში“, – ამბობს მარი ჩოხელი „პუბლიკასთან“ საუბრისას.

პროექტში „ღია საზოგადოების ფონდის“ ერთ-ერთი პარტნიორი სოციალური სამართლიანობის ცენტრია. ორგანიზაციის წარმომადგენელი გურო იმნაძე აცხადებს, რომ ისინი, ძირითადად, ფოკუსირებულნი იქნებიან არსებული ნარკოპოლიტიკის ფორმირებაზე. მისივე ცნობით, ამ მიმართულებით იგეგმება საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მასზე შესაბამისი საადვოკაციო კამპანიის დაფუძნება. იმნაძე იმედოვნებს, რომ რეფორმებისთვის საჭირო კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას პოლიტიკური ნებაც შეუწყობს ხელს.

„ჩვენ დიდი ხანია, ადვოკატირებას ვუწევთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ვითხოვთ არსებული რეპრესიული, სადამსჯელო პოლიტიკის შეცვლას და ამის ფარგლებშიც ეს მიზანი გვექნება, ვინაიდან ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ფუნდამენტურად არ შეცვლილა.

იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, ვიცოდეთ საზოგადოებრივი განწყობა. რამდენად არსებობს ეს აღქმა ნარკოპოლიტიკაზე, როგორია თუნდაც სტერეოტიპები, რა ტიპის აღქმა და განწყობა არსებობს მოსახლეობაში, რამდენად მიიჩნევს საზოგადოება, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა პრობლემურია და საჭიროებს ცვლილებებს. ამის შემდეგ ცხადია, უნდა დაიგეგმოს საკომუნიკაციო სტრატეგია და კონკრეტული აქტივობები, ბოლოს კი ვფიქრობთ, კონკრეტული საადვოკაციო პროცესებით, როგორც საზოგადოებრივ, ისე ცალკეულ უწყებებთან თანამშრომლობით ვცადოთ არსებული ნარკოპოლიტიკის ფორმირება“, – ამბობს იმნაძე.

„ღია საზოგადოების“ პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ალტერნატივა ჯორჯია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, კავშირი ნაბიჯი მომავლისაკენ და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.