EU-ს რეზოლუციის გამო Credit Suisse-მა ივანიშვილთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-სგან წერილი მიიღო.

წერილში განმარტებულია, რომ  ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან ვალდებულებები, რის გამოც ტრასტი (ნდობით აღჭურვილი მმართველი) ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

იურიდიული კომპანიის განცხადებით, ივანიშვილი სულ რომ სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის (ნდობით აღჭურვილი მმართველის) ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს.

განცხადების მიხედვით, ბანკის ქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს.

„ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა…

რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება.

ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, სატრასტო სტრუქტურები კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დასაცავად არის შექმნილი, შესაბამისად, ივანიშვილისთვის ცხადია, რომ ბანკის ზემოაღნიშნული ქმედებები მასზე ზეწოლას ემსახურება,  „რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“.