ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) სპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
განცხადების მიხედვით, ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს რეფორმირება გაფართოების ანგარიშის და ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ფუნდამეტური რეკომენდაციაა.
ეს ასევე ნაწილია 9 ნაბიჯისა, რომელიც მოწონებულია ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ.
განცხადების მიხედვით, სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემს ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისა და კანდიდატებისთვის: იუსტიციის საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.
„ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჯარო მოხელეების ბოლო კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
ევროკავშირი რჩება მჭიდრო დიალოგში ხელისუფლებასთან და მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების წინსვლას საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.