„EU-ში რომ არ მოქმედებს, ვიცით, განიხილება ევროპარლამენტში" - ბოჭორიშვილი შოლცის განცხადებაზე

პუბლიკა

„ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა – ევროპარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს” – თქვა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცა რუსულ კანონზე აღნიშნა, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირს არ აქვს. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ რომ შეიმუშავა დირექტივა ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება. მართალია, ის ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა განხილვის პროცესშია. მისი მიზანი არის სწორედ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობისთვის შეიქმნას ერთგვარი ჩარჩო, მათ შორის, გერმანიაშიც არის მსგავსი კანონმდებლობა.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. გამჭვირვალობას აქვს ერთადერთი სტანდარტი.

[…] რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს. რა თქმა უნდა, ზუსტად რთულია როგორი ფორმით, მაგრამ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ამ დირექტივაში დარჩება”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

„დიდი იმედი გვაქვს, ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოგვიანებით შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა.