EU-ში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ გვერდი უნგრეთს და გაყინონ რუსული აქტივები

პუბლიკა

ევროკავშირში შეთანხმდნენ მექანიზმზე, როგორ აუარონ გვერდი უნგრეთს და გაყინონ რუსული აქტივები.

რუსეთი იმედოვნებს, რომ ომისშემდგომი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გაყინულ თანხებს დაიბრუნებს.

თუმცა, ევროკავშირი არ აპირებს, რუსეთს ეს თანხები დაუბრუნოს. 11 დეკემბერს დამტკიცებული სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში, ევროპაში რუსეთის სახელმწიფო აქტივები შესაძლოა სამუდამოდ გაყინული დარჩეს.

დანიის საბჭოს თავმჯდომარეობის განცხადებით, ევროკავშირის ელჩებმა ევროკომისიას საგანგებო უფლებამოსილებები გადასცეს, რათა რუსეთის სახელმწიფო აქტივების 210 მილიარდი ევრო დაბლოკილი იყოს მანამ, სანამ კრემლი უკრაინას ომის შემდგომ რეპარაციებს არ გადაუხდის.

Politico-ს ცნობთ, ელჩები „შეთანხმდნენ 122-ე მუხლის წინადადების გადამუშავებულ ვერსიაზე და დაამტკიცეს საბჭოს ოფიციალური გადაწყვეტილების წერილობითი პროცედურის დაწყება 12 დეკემბერს, საღამოს 5 საათისთვის“. გადაწყვეტილება „ძალიან მკაფიო უმრავლესობით“ იქნა მიღებული.

ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 122-ე მუხლი ევროკავშირის ხელშეკრულებების დებულებაა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს საშუალებას აძლევს, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, მიიღოს სპეციალური ზომები სერიოზული ეკონომიკური სირთულეების ან საგანგებო სიტუაციების საპასუხოდ, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ ევროკავშირზე ან ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე.

საგანგებო მუხლი ფაქტობრივად ცვლის არსებულ წესებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებდა, რომ ერთხმად განეახლებინათ სანქციები ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

შედეგად, კრემლსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნები ვერ შეძლებენ, განბლოკონ გაყინული თანხები სანქციების განახლების წინააღმდეგ ხმის მიცემის შემთხვევაში.

ევროკავშირი აცხადებს, რომ სამართლებრივი ცვლილება მიიღეს, ვინაიდან გაყინული აქტივების რუსეთისთვის დაბრუნება ევროკავშირის ეკონომიკაში ქაოსს გამოიწვევდა და პოტენციურად კრემლის მიერ ბლოკის მიმართ ჰიბრიდულ შეტევებს გააძლიერებდა.

„აქტივების გაყინვა არის შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის ქმედებებით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის შემდგომი შედეგები კავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – წერია კომისიაში სამართლებრივ ტექსტში.

საჯარო განცხადებაში უნგრეთმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება და თქვა, რომ ის არღვევს ევროკავშირის  კანონმდებლობას და ძირს უთხრის ევროკომისიის ნეიტრალიტეტს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას მისწერა და გამოთქვა წინააღმდეგობა „უკრაინის ფინანსური საჭიროებების ნებისმიერი გადაწყვეტის მიმართ, რომელიც მოიცავდა უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას მომდევნო წლების განმავლობაში“.

როგორც POLITICO წერს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თავდაპირველად ეს სამართლებრივი მექანიზმი იმ ცალკეული გეგმის გასაძლიერებლად შესთავაზა, რომელიც გულისხმობდა უკრაინისთვის რუსეთის 210 მილიარდი ევროს გაყინული აქტივების მობილიზებას, რომელთა უმეტესი ნაწილი ბელგიაში არსებულ ფინანსურ კომპანია Euroclear-ში ინახება.

თუმცა, ბელგია ამ გეგმას ეწინააღმდეგება, ვინაიდან შიშობს, რომ თუ რუსეთი გაყინულ თანხებს დაიბრუნებს, სესხის დაფარვა მას მოუწევს.

ბელგიის შეშფოთების გასაქარწყლებლად, კომისიამ დამტკიცებული საკანონმდებლო წინადადებიდან სესხზე მითითებები ამოიღო.