პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ საქართველოს ჰქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ კონსულტაციებისას ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არა მოლდოვისა და საქართველოსთვის.
„არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით, უკრაინას შესთავაზეს, დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა. აქ უკრაინის გაწევრებაზეც კი არ არის საუბარი. ეს არის, რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები.
ასეც და ისეც, ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას დასჭირდება მრავალი წელი, რადგან არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეხება საქართველოს, მოლდოვას, ყველა ქვეყანას თანაბრად“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ ასეთ დოკუმენტს საქართველო ევროკავშირში, 2024 წელს შეიტანს. ამ დროისთვის, მისი თქმით, ქვეყანას ექნება ვალდებულებების სერიოზული ნაწილი შესრულებული.