EU-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეა საუბარი – დეპუტატები მიესალმებიან სომხეთის მიერ გამოთქმულ სურვილს, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს EU-სთან ურთიერთობას.

წინადადება მოუწოდებს ევროკავშირს, პოზიტიურად მიუდგეს ამ ფაქტს, ისარგებლოს ამ პოტენციური გეოპოლიტიკური ცვლილებით და დაეხმაროს სომხეთს, უფრო ძლიერად დამკვიდრდეს დემოკრატიულ საზოგადოებებში.

„იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანით და გააგრძელებს მდგრად რეფორმებს დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, ეს, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციის ფაზა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, მხარი დაუჭიროს EU-სთან ურთიერთობების გაზრდაზე სომხეთის სურვილს, არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის არეალში, არამედ პოლიტიკური დიალოგის, ხალხთაშორისი კავშირის, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებითაც”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

გასულ კვირას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქეთში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეარხთან ევროკავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავს.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დაახლოების შესახებ კითხვაზე, მან თქვა, რომ ქვეყანა აგრძელებს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ევროკავშირთან, ასევე ევროპულ ქვეყნებთან.