Euobserver: რა წერია EU-ს შიდა დოკუმენტში საქართველოსა და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

პუბლიკა

გამოცემა Euobserver-ის ცნობით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეების არალეგალურმა ცხოვრებამ და თავშესაფრის დაუსაბუთებელმა მოთხოვნამ ეროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე მსჯელობას შეუწყო ხელი.

გამოცემა იუწყება, რომ წვდომა ჰქონდა შიდა დოკუმენტზე, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული. დოკუმენტის მიხედვით, უკმაყოფილება გამოხატეს საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ.

დოკუმენტის მიხედვით, გერმანიამ უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, ასევე ალბანეთი და სერბეთი 10 ყველაზე პრობლემურ ქვეყნებს შორის დაასახელა.

Euobserver-ის ინფორმაციით, დოკუმენტში გერმანიის დელეგაცია აღნიშნავს, 2021 წლის გასულ 3 თვეში რომ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა, მოლდოვიდან კი 429%-ით.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები სიტუაციას არ გააუმჯობესებენ, მიგვაჩნია – ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი რეალურია“, – აღნიშნავს გერმანული დელეგაცია დოკუმენტში.

თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლის გამო, საქართველოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს საფრანგეთისა და ჩეხეთის დელეგაციებმაც.

გამოცემის ცნობით, ჰოლანდია პირველი და ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც 2019 წელს ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა ევროპულმა კომისიამ არ გაითვალისწინა.


უვიზო მიმოსვლას ევროპული კომისია „მნიშვნელოვან მიღწევად“ აფასებს ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

ვიზის მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მიხედვით, თუ ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები ან არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, ქვეყანას შესაძლოა, მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.