Euronews-ის ცნობით, მათ მოიპოვეს იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას გეგმავს. მათ შორის არის საქართველოც.
დღეს ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის მაღალჩინოსნები მსჯელობდნენ, თუ რომელი არაწევრი ქვეყნებისთვის გახსნის ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრებს.
Euronews-ის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო სია არ დამტკიცებულა, მათი ცნობით, გამოცემის მიერ მოპოვებული სია სამუშაო ვერსიას წარმოადგენს.
გასაჯაროვებული სიის მიხედვით ირკვევა, რომ ევროკავშირი საზღვრებს არ გახსნის ბრაზილიისთვის, რუსეთისა და აშშ-სთვის, ვინაიდან ეს 3 ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობით მსოფლიოში პირველ 3 ადგილს იკავებს.
Euronews წყაროებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით 1 ივლისამდე ვერ მოესწრება, რის გამოც, მათი ცნობით, შეიძლება საზღვრების გახსნა გადავადდეს.
გამოცემის მიერ გასაჯაროვებულ სიაში არიან: საქართველო, მონაკო, მონტენეგრო, ვატიკანი, ანდორა, სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამა, სენტ ლუსია, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, გაიანა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, ზამბია, მავრიკი, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი და ეგვიპტე.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოქმედებს.
დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მისი თქმით, საზღვრების საბოლოოდ გახსნა დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ასევე, მან განაცხადა, რომ საქართველო ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან მიმართებით ევროკავშირი.