Euronews: წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი რუსული რაკეტის გამო ჩამოვარდა

პუბლიკა

Euronews-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა მათ ექსკლუზიურად დაუდასტურეს, რომ 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული საჰაერო რაკეტა გახდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 67-დან 38 მგზავრი დაიღუპა.

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტა რუსეთის ქალაქ გროზნოს საჰაერო სივრცეში დრონების აქტიურობისას გაისროლეს. წყაროების ინფორმაციით, რაკეტა თვითმფრინავის გვერდით აფეთქდა და ის ნამსხვრევებმა დააზიანა.

სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ მიუხედავად პილოტების მოთხოვნისა, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის არც ერთ აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს და ეკიპაჟს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს, სადაც ის ავარიული დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.

ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაუშვეს.

რუსული წყაროების ცნობით, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მიფრინავდა, რუსული საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას ცდილობდნენ.

ტრაგედიის გამო, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.