European exchange და EPDE რუსულ კანონზე: „უკუსვლა დემოკრატიაში, საფრთხე ევროინტეგრაციისთვის“

პუბლიკა

European exchange და „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის განზრახვაზე, აღადგინოს „უცხოელი აგენტების“ კანონი.

მათი შეფასებით, ორგანიზაციების და მედიების იძულება, დარეგისტრირდნენ „უცხო აგენტებად“ სახიფათოდ ეხმიანება რუსეთში არსებულ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად.

„მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი წარმოადგენს არსებით უკუსვლას საქართველოში დემოკრატიისთვის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ კანონმდებლობის სამიზნედ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, არჩევნების დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების ქცევით საქართველოს მთავრობა რისკავს თავისუფალი და ღია საზოგადოების საფუძველს.

სოლიდარობას ვუცხადებთ პროდემოკრატიულ ჯგუფებსა და მოქალაქეებს საქართველოში, ვინც აპროტესტებენ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს კანონპროექტთან დაკავშირებით თავის პოზიციას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული გზისადმი.

მოვუწოდებთ ევროპელ პოლიტიკოსებს, ქართულ მხარესთან საუბრისას ხაზი გაუსვან იმას, რომ ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც EU-ს კანდიდატის ვალდებულებებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არამედ აფუჭებს ნდობას დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების მიმართ. ასეთი კანონმდებლობის შემოღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არამედ მის ევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

European exchange-ის დირექტორი შტეფანი შიფერი წერს, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრებასთან.

„საქართველო „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას აპირებს. ეს არ არის თავსებადი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან. რუსეთის ფედერაციის მაგალითი გვიჩვენებს, თუ ვინ არის ამ კანონმდებლობის სამიზნე პირველი – არჩევნებზე დაკვირვება, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, კორუფციასთან ბრძოლა. კანცლერმა შოლცმა ნათლად უნდა განუცხადოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს კობახიძეს, რომელიც ამ კვირაში ბერლინში იქნება, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – წერს შტეფანი შიფერი.