ევროვიზიის სიმღერის კონკურსში რუსეთის კონკურსანტი მონაწილეობას აღარ მიიღებს. გადაწვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
View this post on Instagram
ევროპის მაუწყებელთა კავშირს უკრაინამ პეტიციით მიმართა, რომ უკრაინაში შეჭრის ფონზე, არ დაუშვას რუსეთის წარმომადგენელი კონკურსზე. უკრაინამ ასევე მოითხოვა რუსული მედიის მაუწყებელთა კავშირიდან გარიცხვა. უკრაინის მოთხოვნას ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვა წევრებიც შეურთდნენ, მათ შორის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.
„პუბლიკას“ აღნიშნულზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინა ბერძენიშვილი ესაუბრა.
„ჩვენ ვართ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი. მე ვარ პირადად მედიაკომიტეტის წევრი. ეს უკვე რამდენიმე დღეა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ლეგიტიმაცია მისცა უკრაინის მიწებს, შემდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, საქართველომ, ცხადია, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მიმართა რუსეთის ორი არხის წევრობის სტატუსის შეჩერებაზე, რაც მერე უკვე გულისხმობს ევროვიზიის კონკურსიდანაც კონკურსანტის მოხსნას.
მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ რუსეთიდან კონკურსანტი აღარ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. საქართველო უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ამ მძიმე ვითარებაში მუშაობს და ყველა მის ინიციატივას უჭერს მხარს“, – განაცხადა თინა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის ინფორმაციით, ორშაბათს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ბორდის სხდომაზე განიხილება რუსეთის მაუწყებელთა წევრობის შეჩერების საკითხიც.