„ეუთო ხაზგასმით ითხოვს, შეჩერდეს კანონის მოქმედება“ - ომბუდსმენი ინსპექტორზე დასკვნას ასაჯაროებს

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თავისი მიმართვის საფუძველზე მომზადებული ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შეეხება.

ომბუდსმენის თქმით, ეუთო ხაზგასმით მოითხოვს, საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების შეჩერებას.

იმ შემთხვევაში, თუ არ შეჩერდება კანონის მოქმედება, ლომჯარიას თქმით, ეუთოს რეკომენდაციაა, სახელმწიფო ინსპექტორს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება იმ ვადით, რა ვადითაცაა არჩეული.

„ეუთო ხაზგასმით მოითხოვს, შეჩერდეს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება. ეს ეფუძნება იმას, რომ ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ გაუქმების პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარდები, როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი ჩართულობის და კონსულტაციების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე და სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე, მათ შორის ახალ სამსახუებზე.

იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა ეუთოსი, რომელიც იშველიებს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, რომელსაც საქართველო აღიარებს და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტის არჩეული ხელმძღვანელების ვადის გაუქმება თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების გზით, ვინაიდან ეს წარმოადგენს მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ შეაჩეროს კანონის მოქმედება და დაიწყოს საკითხის გარშემო ფართო დისკუსია.

„2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

„უპრეცედენტოდ არაკონსტიტუციური“, – ასე შეაფასა თავად ომბუდსმენმა კანონი.

სახალხო დამცველის ბრიფინგის დაწყებამდე პარლამენტში ბრიფინგი გამართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მოითხოვა, გასაჯაროვდეს, რა შეკითხვებით მიმართა ომბუდსმენმა ეუთოს.

ამაზე საპასუხოდ ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პარლამენტის მოვალეობა იყო, საკანონმდებლო ცვლილებების დაწყებამდე კონსულტაციები გაემართა, მათ შორის, სახალხო დამცველთან.

მისი თქმით, არ არსებობს პრაქტიკა და პროცედურა, რომ ომბდუსმენმა რომელიმე ინსტიტუტისთვის მიმართვის წინ კონსულტაციები უნდა გაიაროს. ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიმართვის შესახებ და შეეძლო, საპასუხო არგუმენტები მიეწოდებინა ეუთოსთვის.

„მივმართეთ ეუთო/ოდირს და ვთხოვეთ, მანდატის ფარგლებში წარმოედგინა მოსაზრება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამებოდა მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის პრინციპებს. ეს იყო კითხვა, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი მოსაზრებები და პროცესის შეფასება და ასევე გავუგზავნეთ არაოფიციალური თარგმანი ორი კანონის“, – თქვა ლომჯარიამ.