ეუთო/ოდირის დასკვნით, „ოცნების" რეპრესიული ცვლილებები შეუსაბამოა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან

პუბლიკა

ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შეფასება „ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციულ კოდექსსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში წარდგენილ რეპრესიულ ცვლილებებზე – დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წარდგენილი ცვლილებები ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს, ხოლო ჯარიმები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

„ამ ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შეუსაბამობის გამო. რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის სპონტანური შეკრებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებსა თუ შენობებში შეკრებების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, დროებითი კონსტრუქციების, ან ადამიანის სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვა, ასევე, ზოგიერთი ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი ზომები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არაპროპორციული ჯარიმა თავისთავადაც საკმარისი შეიძლება იყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევისთვის”.

ამასთან, ეუდთო/ოდირი მიუთითებს, რომ შეკრების აკრძალვის შესახებ შემოთავაზებული სხვა საფუძვლები უნდა გადაიხედოს, ან, სულ მცირე, მეტად მკაფიოდ და დავიწროებულად განისაზღვროს, რათა ისინი მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, ასევე, იყოს მკაცრად აუცილებელი და პროპორციული, არ ახდენდეს ზედმეტ გავლენას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაზე.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ სადამსჯელო ზომად, უნდა გაუქმდეს.

დამატებით, ეუთო/ოდირი „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამციროს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან მიმართებაში, რათა ის იყოს პროპორციული გამოწვეულ ზიანთან და არ გამოიწვიოს მსუსხავი ეფექტი.