ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ენმ-ის, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენელებმა გააკეთეს კომენტარები.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეუთო/ოდირის გუშინდელი განცხადება იყო წინასწარი შეფასება.
„ეუთო/ოდირის ხელმძღვანელმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა/არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ეუთო აგროვებს დამატებით ინფორმაციას დარღვევებზე.“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, პარლამენტში „ლელოს“ შესვლაზე განცხადება დღეს 5 საათზე პარტიის ოფისში გაკეთდება.
თინა ბოკუჩავას თქმით, მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ადგენს ქართველი ხალხი.
„ხოლო ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლოდირებული, ვიდრე ოდესმე, რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. არ ვცნობთ შედეგებს და მოვითხოვთ ვადამდელს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. პარლამენტში შესვლაზე განცხადებას, ბოკუჩავას თქმით, პარტია დღეს გააკეთებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს კონკრეტული ფაქტები წარუდგინეს.
„მარტო ისნის რაიონში 650 ბიულეტენია გამქრალი. რაც ნიშნავს, რომ მასიურად დატრიალდა კარუსელი. მათაც თქვეს, რომ დაელოდებიან ჩვენს საბოლოო ანგარიშს და საბოლოო შეფასებას გააკეთებენ. ეს არჩევნები არალეგიტიმურია და ამაზე საერთო ოპოზიციური კონსენსუსი არსებობს.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, კომისიის წევრებს დაჰპირდნენ, რომ დარღვევებზე დამატებით ფაქტებს მიაწვდიან.
„ეს არის კონკრეტული გამოწვევა ოპოზიციური პარტიებისთვის. ჩვენ პარტიებმა უნდა დავუმტკიცოთ როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამ არჩევნების დროს იყო ისეთი მასშტაბის დარღვევები და დაშინება, რამაც გავლენა იქონია საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ის, რაც წერია ცესკოს გვერდზე, რომ „ოცნებამ“ მიიღო 48%, ეს არის ტყუილი. მათ ამდენი არ აუღიათ და იმავეს ამბობს სამართლიანი არჩევნებიც.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეკითხვაზე, შევა თუ არა „გირჩი“ პარლამენტში, განცხადება დღეს გაკეთდება პარტიის ოფისში.
ოპოზიციური პარტიებიდან პარლამენტში მანდატებზე უარის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. პარტიების ოფისებში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ალალეგიტიმურია და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღის წინასწარი შეფასება უკვე წარმოადგინეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ასევე გამოქვეყნდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება.
ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.
ამავე განცხადებაში წერია, რომ „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გაითვალისწინონ აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლა ცესკომ დაასრულა. დათვლილია უბნების 100%.
დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
„ლელო“ – 4 მანდატი;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
„გირჩი“ – 4 მანდატი;
„ლეიბორისტები“ – 1;
„მოქალაქეები“ – 2.
რაც შეეხება 30 მაჟორიტარულ ოლქს. გამარჯვებული პირველი ტურში წინასწარი მონაცემებით 14 ოლქში გამოვლინდა. 16 ოლქში კი მეორე ტური გაიმარტება.