ეუთო/ ოდირის მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების" შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა მისიის ხელმძღვანელებს და წევრებს მადლობა გადაუხადეს, რომ პანდემიის დროს საქართველოში ჩამოვიდნენ.

„მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკრეტული, რომ ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული და რეალურად შედეგებშიც ჩანს, რომ ჩვენ პირველად საქართველოს ისტორიაში არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელის შედეგად პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალხვა და პარლამენტში შესვლა. ეს იქნება მრავალპარტიული არჩევნები და ეს არჩევნები ემსახურება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.

ჩვენ ასევე გავაცანით პარტნიორებს და მისიას ის პროცესები, რომელიც კანონმდებლობის თანახმად არჩევნების მეორე ტურამდე წარიმართება. შესაბამისად, მათ აქვთ სრული ინფორმაცია, როგორი სამზადი იქნება მეორე ტურების ჩათვლით შემდეგ პარლამენტის მოწვევამდე.

ძალიან მნივნელოვანია, რომ საერთო მოსაზრებაა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს საარჩევნო პროცესის შედეგებს. შედეგებს, რომლებსაც კომისია აცხადებს.  ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატივის სცენ ქართველი ხალხის არჩევანს და იმ შედეგებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნობილი 7 ფაქტიდან 5 ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდებათ და მათ მიერ იყო ჩადენილი.

„ეს ჩვენი სფერო არაა. ეს შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანია და სათანადო რეაგირება იქნება“.

მისი თქმით, ყველა შესაძლო ხარვეზი, რომლებსაც არსებითი გავლენა საბოლოო შედეგზე არ ექნება, სათანადო ყურადღების საგანი გახდება. ის ამბობს, რომ ამ ნაწილში სამუშაო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გასწიოს და მათ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნებათ.

„თუმცა თქვენთვისაც ცნობილია, რომ არაერთი საჩივრის შედეგად „ქართულ ოცნებასაც“ მოემატა ხმები. შესაბამისად, თუ ასეთი ცალკეული ხარვეზები იყო, არავის აქვს უფლება, რომ ეს იყო რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, კითხვაზე – უნდა დაფინანსდნენ თუ არა პარტიები ბიუჯეტიდან პარლამენტში  არშესვლის შემთხვევაში? –  თალვაკვაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე დააკვირდებიან, როგორი იქნება მოსახლეობის დაკვეთა.

„ეს არის ხალხის ფული და ჩვენ დავაკვირდებით, რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, ოპონირება გაუწიონ როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით, რა იქნება მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.