ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა.
არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.
პრესრელიზში განმარტებულია, რომ ODIHR-ის მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება.
„ნაცვლად ამისა, ODIHR უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ პრინციპებს, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეუთოს ყველა სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულებებს. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩევლებს, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
საქართველოში ODIHR-ის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ.
„იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა სასწრაფოდ უპასუხონ ყველა აღძრულ პრობლემას“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.
მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ბაზა იძლევა ადექვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლოდროინდელი ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა. ანგარიში იმეორებს ODIHR-ის დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის შესახებ.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნებისთვის მზადება კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, არჩევნების დღეს ხმის ფარულობასთან დაკავშირებულმა ხშირმა დარღვევამ, რამდენიმე პროცედურულმა შეუსაბამობამ, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ცნობებმა, მათ შორის პროცესის ჩაწერის გზით, უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე და სხვა მხრივ ზოგადად პროცედურულად მოწესრიგებულ საარჩევნო დღეზე.
„დღევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჩივრები, როგორც არჩევნების დღემდე, ისე მის შემდეგ, ხშირად არ განიხილებოდა სრულყოფილად და უარყოფილი იყო ტექნიკური ნიშნით, რაც ძირს უთხრის სათანადო განხილვის უფლებას“, – წერს ოდირი.
ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სასამართლო დაცვის საშუალება და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა.
პრესრელიზსში ნათქვამია, რომ არჩევნების შემდეგ იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც არაერთხელ დაარბიეს ძალადობრივად, და რასაც მოჰყვა მრავალი დაპატიმრება, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისასტიკის შესახებ ბრალდებები, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეკრების თავისუფლების უფლებსა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან თავისუფლებას.