ეუთოს 24 წევრი ქვეყანა „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის და ეუთოს წევრი კიდევ 23 ქვეყანა საქართველოს მოუწოდებს, შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

24 ქვეყნის სახელით განცხადება ვენაში წაიკითხა კაია ტაელმა, ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში. 

ანგარიში გვთავაზობს 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალურ და სარწმუნო შეფასებას და გასცემს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების, მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეეწყო მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტისთვის და მოეწყო მაღალი დონის შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და ანგარიშის მიგნებები განიხილოს, როგორც კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმების საფუძველი.

ასევე გვსურს ღრმა მადლიერება გამოვხატოთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა პირებს მიმართ, რომლებიც დაუკავშირდნენ მომხსენებელს. 

მათი მზადყოფნა, წარედგინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი იყო ამ ანგარიშის სრულყოფილებისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და იმ გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა შეეძლებათ.

მომხსენებლის მთავარი მიგნება ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით მოცულ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას“. 

ანგარიში განსაზღვრავს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სხვა დარღვევების ტენდენციას, რაც შერწყმულია იმასთან, რასაც მომხსენებელი აღწერს, როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას“. მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ, მიაღწია წამების ზღვარს“ და რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოძიება არაეფექტიანი იყო.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ანგარიში ადგენს, რომ კანონებმა, რომლებიც მიმართულია ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, არამართლზომიერად შეზღუდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებები და დამთრგუნველი ეფექტი იქონია სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

მომხსენებელი დამატებით აფრთხილებს: „მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“.

ერთობლიობაში, ეს მოვლენები ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველომ, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, აიღო.

მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უფრო ფართო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ყურადღება დაუთმოს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

დღეს განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები:

პირველი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატაროს ოპერატიული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემით.

მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს იმ კანონმდებლობას, რომელიც შეუსაბამოა მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის კანონები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და მათთან დაკავშირებული ცვლილებები გრანტების, მაუწყებლობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე შესწორებებით შეუძლებელია. ამ პროცესში ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ეუთო/ODIHR-თან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.

მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დისკუსიის სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი.

მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, გაითხოვოს ამ საკითხზე წარდგენილი სარჩელები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფისა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესაბამისად.

მოსკოვის მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს მონაწილე სახელმწიფოებს ადამიანურ განზომილებაში მათი საერთო ვალდებულებების დაცვაში. ჩვენ, როგორც ამ მექანიზმის ამამუშავებელი სახელმწიფოები, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ შედეგიან მონიტორინგს, მათ შორის მუდმივ მოქმედ საბჭოში გაგრძელებული დისკუსიებისა და საქართველოს ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის გზით, ასევე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სერიოზული განხილვით, რომლებიც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მისამართითაა გაცემული.” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.