ეუთოს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს.
განცხადებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
განცხადებაში, რომლის ადრესატიც ეუთოს თავმჯდომარეა, ხაზგასმულია წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირი ვერ დააკვირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს. ასევე აღნიშნულია რეპრესიები, რომლებსაც „ქართული ოცნება” კრიტიკოსების მიმართ ახორციელებს.
განცხადებაში წერია:
„ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას.
ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში, რასაც თან ახლავს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის კუთხით.
ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი განსაკუთრებით აუცილებელია ამ კონტექსტში, როგორც ეს „ოდირმა” საჯაროდ განაცხადა 2025 წლის 7 ივლისს. ამიტომ, სამწუხაროა, რომ „ოდირს” დროულად არ გამოეგზავნა მოწვევა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დაკვირვება. საქართველოს დიდი ხნის პრაქტიკიდან გამომდინარე ეს დარღვევა ღრმად შემაშფოთებელია.
გარდა ამისა, გრძელდება მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციული განაჩენის გამოტანას და რამდენიმე მომიტინგისთვის ბოლოდროინდელ პატიმრობის განაჩენებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი. ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისა და ეუთოს პრინციპებისადმი ერთგულება და ვალდებულებები. საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოვუწოდებთ, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების – ODIHR-ისა და RFOM- ის, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს.
და ბოლოს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში, სადაც ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს. ჩვენ კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულნი ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”.