ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე 39-მა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ.
განცხადებაში საუბარია ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრობლემებზე რუსეთში, ბელორუსში, სერბეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და საქართველოში.
საქართველოს შესახებ განცხადებაში წერია:
„საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობების გამოძიების ნაკლებობა ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრისთვის სამოქალაქო სივრცის მცირდება და იქმნება დაუსჯელობის საშიში ატმოსფერო.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განზრახ შელახვით, რასაც ძალიან ხშირად ხელს უწყობს კანონიერების საფარქვეშ მიღებული ზომები და თან ახლავს თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძირის გამოთხრისკენ მიმართული ნაბიჯები.
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ საკანონმდებლო შეზღუდვები ქმნის საზოგადოებაში განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეუთოს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე მცირდება და ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები არიან ზეწოლისა და დანიშინებს ქვეშ როგორც ოფლაინ, ასევე ონლაინ სივრცეში.
„მშვიდობიანი მომიტინგეები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ჟურნალისტები და მედიები ძალიან ხშირად აწყდებიან ეროვნულ და ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, მუქარას და ძალადობას. ეს თანდათანობითი კოროზია, რომელიც ხშირად ნაკლებად შესამჩნევია, რეპრესიების ნორმალიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლის რისკს ქმნის“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები:
ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და დანია.