ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა.
აუდიენციების შესახებ ინფორმაციას მთავრობისა და სამინისტროს პრესსამსახურები ავრცელებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.
მათივე ცნობით, ხაზი გაესვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის დაყენებას ყველა დონეზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.
პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს აქტიურ როლსა და ჩართულობაზე ეუთოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას, სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მისი პირადი ჩართულობისთვის გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მათივე ცნობით, ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათვმჯდომარეობის გზით.
პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანის მხრიდან ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება.
„სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მიმართა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, რათა გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის ხელთ არსებული ბერკეტები და მექანიზმები, რათა მოხდეს ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰელგა მარია შმიდი ერგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო, რიგით მე-100 შეხვედრასაც დაესწრო.