ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) წინასაარჩევნო ვითარების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.

გთავაზობთ ინფორმაციას ძირითადი დასკვნების შესახებ:

  • 26 ოქტომბერს საქართველო პირველად გამართავს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს. ეს არჩევნები ასევე იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც საქართველო გამართავს 2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; აღნიშნული პროცესი 2024 წლის ივნისში „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დე ფატო შეჩერედა. კანონპროექტის მოსმენასა და მის ფაქტობრივ მიღებას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
  • ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა. 2022 და 2023 წელს მიღებული ცვლილებები საჯარო დისკუსიების შედეგად მიიღეს, რასაც ფართო მხარდაჭერა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ვერ უზრუნველყო რეკომენდებული ყოველისმომცველი რეფორმის განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) რეკომენდაციები გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნა; თუმცა, 2024 წელს მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე მიიღეს, რაც, მათი ზეგავლენის გამო, შეშფოთების მიზეზად იქცა.
  • არჩევნებისთვის მზადება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს; საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიცვა ყველა საკანონმდებლო ვადა, გამართა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ტრენინგები და წამოიწყო ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში, პროცესში ჩართული ბევრი მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული კომპეტენციების მიმართ ნდობის გამოხატავის მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების, ოპოზიციის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებისა და კომისიის წევრების არჩევის ახალი მეთოდის შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე.
  • პარტიებიდან მიღებული 40 განაცხადიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა, რომელთაგანაც 19-მა კანდიდატთა სიები წარმოადგინა, საბოლოო ჯამში კი, მათგან 18 საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა. პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ წინასაარჩევნოდ ბლოკების ჩამოყალიბება, რაც იწვევს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები დე ფაქტო კოალიციებში ერთიანდებიან და კოალიციის ფარგლებში თავის კანდიდატებს წამყვანი პარტიის სიებში არეგისტრირებენ. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებს არ გამოუთქვამთ შეშფოთება კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით
  • საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბარში პროცესში ჩართული ზოგიერთ დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა დაშინების ტაქტიკის გამო, რაც სავარაუდოდ მათი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისა და, ასევე, ამომრჩევლების წინააღმდეგ იყო მიმართული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან. სიტყვიერი თავდასხმების ცალკეული შემთხვევები, წინასაარჩევნო კამპანიის მასალის განადგურებისა და ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებში აისახა.
  • მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ირეკლავს პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.