ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

პუბლიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მან განცხადება X-ზე გაავრცელა და დაწერა, რომ გადაწყვეტილება დისკუსიებისა და განხილვის შემდეგ მიიღო.

„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა არ იქნება ყველაზე ეფექტური. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების იმპლემენტაციაში“, – დაწერა პაია კაუმამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა როგორც დასავლელი პოლიტიკოსების მხირდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან საქართველოში.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა პია კაუმას წერილი გაუგზავნა და მოუწოდა არ ჩასულიყო თბილისში.

„ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, – წერს უილსონი.

ვიზიტს გამოეხმაურა ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ ეს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.  გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ვიზიტს „სერიოზული შეცდომა“ უწოდა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთო-მ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ.

OSCE PA-ს პრეზიდენტს განცხადებით მიმართავს 3 კოალიცია – „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო” და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს, „ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“. კაუმას წერილით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმაც და მოუწოდა გადახედოს ვიზიტის დროსა და მიზანს.

ვიზიტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა, რომ ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი „ხელს არ შეუწყობს ამ კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია“.