ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა

პუბლიკა

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა, შემდეგ კი X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ მხარს უჭერს მოქალაქეებს.

X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც რუსთაველზე ჩაწერა, ვალტონენმა თქვა:

„მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ”.

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგებში ჩამოვიდა. ის შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.