ეუთოში ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს რეპრესიული კანონები

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოში, ნილ ჰოლანდმა 6 ნოემბერს ეუთოში განცხადება გააკეთა, დაასახელა რამდენიმე ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და მათ დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ჰოლანდმა დაასახელა რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და საქართველო.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ანგარიშები ეჭვს არ ტოვებს, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევს უკრაინელი ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო ტყვეების უფლებებს.

რუსეთის შიგნით კი ირღვევა ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც მინიმალურ სივრცეს ტოვებს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკანონო ომი, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაიცვას ეუთოს პრინციპები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ფართო რეგიონალური გამოწვევების გამო. მოვუწოდებთ ბელორუსს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეასრულოს საერთაშორისო, ასევე, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელორუსს, უზრუნველყოს, რომ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები არ გახდებიან რეპრესიების ან იძულების მსხვერპლები.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომელთა სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოებაა და გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყირგიზეთს, ხელახლა არ დააკანონოს სიკვდილით დასჯა და მტკიცედ შეასრულოს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები”. – განაცხადა ნილ ჰოლანდმა.