ქალმა პოლიტიკოსებმა ევა შაშიაშვილის გირაოს საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და ადგილზევე მოითხოვეს შეხვედრა უწყების წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია.
ჩვენ როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ დედა-შვილის მდგომარეობას და მოვითხოვთ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი”, – ამბობს თეონა ჭალიძე.
მათ დღის განმავლობაში საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა, შემდეგ კი პროკურატურის წარმომადგენლები დავით გუმბერიძეც შეხვდა.
რა თქვა პროკურორმა?
პროკურორი ამბობს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს დამატებითი დოკუმენტები, ბრალდების მხარე შეისწავლის მათ და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე პოზიციას დააფიქსირებენ.
„წარმოდგენილი იქნება ეს დოკუმენტები, როგორც უკვე შევთანხმდით, დაცვის მხარის მიერ, ბრალდების მხარე ამ დოკუმენტებს კიდევ ერთხელ შეისწავლის და მომდევნო სხდომაზე წარმოადგენს მის პოზიციას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით“, – თქვა ვაჟა თოდუამ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა აქამდე ინფორმირებული იწყება ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მის შვილთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პროკურორს არ უარუყვია, თუმცა აღნიშნა, რომ:
„როდესაც წარმოდგენილი იქნა ეს დოკუმენტები დაცვის მხარის მიერ, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი ეს ბრალდების მხარისთვის. თუმცა განვმარტავ, რომ მხოლოდ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის განმსაზღვრელი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს, ასევე მისი ოჯახური მდგომარეობა, რაც როგორც ჩანს, რთული არის. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ არსებობდა კონკრეტული საფრთხეები, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და მის მიმართ გამოყენებულ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა… ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ წარმოდგენილი იქნება ეს დოკუმენტები, როგორც უკვე შევთანხმდით, დაცვის მხარის მიერ, ბრალდების მხარე ამ დოკუმენტებს კიდევ ერთხელ შეისწავლის და მომდევნო სხდომაზე წარმოადგენს მის პოზიციას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თოდუამ.
რას ამბობს ადვოკატი?
ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აქამდეც მიწოდებული ჰქონდათ როგორც სასამართლოსთვის, ასევე პროკურატურისთვის. უახლოესი – 2025 წლის კვლევების შედეგები კი ევა შაშიაშვილს არ აქვს, ვინაიდან ის დააკავეს. განახლებულ კვლევებზე კი პენიტენციურ სამსახურს მიმართეს.
„ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია, 2018 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. სიმსივნე ამ პერიოდის განმავლობაში არ გამქრალა. 2025 წლის კვლევები ევას არ ჩაუტარებია, რადგან დააკავეს შემოდგომაზე, როდესაც აღნიშნული კვლევები უნდა ჩაეტარებინა. უკვე მივმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვეთ, იქ ჩაუტარდეს ევას 2025 წლის კვლევები“, – თქვა დღეს ევა შაშიაშვილის ადვოკატმა.
რაც შეეხება ევას შვილის, მარიამ შაშიაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატმა 19 დეკემბერს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას ამ ინფორმაციის მიღებას/ გამოთხოვას შესაბამისი დაწესებულიდან ვერ ახერხებდა. მან სასამართლოს მიმართა კიდევ თხოვნით, რომ სასამართლოს ჩართულობით მომხდარიყო ამ ინფორმაციით გამოთხოვა, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა.
როგორც დღეს, პროკურატურაში მისვლის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, მან შეძლო ამ დოკუმენტის მიღება და დღეს პროკურატურაშიც შეიტანს. ის ამ ცნობაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, მარიამ შაშიაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში დაყოვნების ვადა 30 დეკემბერს გადის. ევას წარმომადგენელი უწყებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე – ვინ აიღებს ბავშვზე პასუხისმგებლობას ევას შვილზე მაშინ, როცა დედამისი ციხეშია.
„ექვსთვიანი ვადა გადის 30 დეკემბერს, ჩვენ გვაინტერესებს, რა მოხდება ამ ბავშვის თავს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, ევას თავისუფლება შეზღუდული აქვს, ვინ გაიყვანს ამ ბავშვს, სად მოათავსებს სახელმწიფო, აცნობებს თუ არა ამის შესახებ პროკურორი ქალბატონ ევას, ამ კითხვებით დღეს მივმართავთ პროკურატურას“, – თქვა ადვოკატმა.
პროკურატურაში შეკრებილი ქალი პოლიტიკოსები, ევას მხარდამჭერები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ახალ წლამდე შეიცვალოს. მათი თქმით, პროკურატურას ყველა საჭირო სამართლებრივი საფუძველი აქვს, რომ არ დაელოდოს განრიგით გათვალისწინებულ ვადას და 30 დეკემბრამდე იშუამდგომლოს ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების საკითხი.
ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. ის ორი მუხლით არის დაკავებული – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებულ მასალაში, ის ქვას ისვრის.
მას 28 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, შვილი მარიამ შაშიაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, იქიდან გამოწერის შემდეგ კი მას სხვა მეურვე, დედის გარდა არავინ ჰყავს. ადვოკატისვე ინფორმაციით, ევა შაშიაშვილი ონკოპაციენტია და სჭირდება შესაბამისი მეთვალყურეობა, რისი შესაძლებლობაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში არ აქვს.