საქართველოს ევანგელური ალიანსი აცხადებს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თუ კანონად იქცევა, მკვეთრი ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე.
ევანგელურ ალიანსში შემავალი ევანგელური ეკლესიები საერთო განცხადებაში წერენ, რომ კანონი იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას: გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას.
„მიგავჩნია რომ აღნიშნული კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა მკვეთრად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე. კანონპროექტის მიხედვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირი არ არის, ორგანიზაციას ევალება დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 25 000 ლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამშრომლების-ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები.
საქართველოს ევანგელური ალიანსი აფიქსირებს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნული კანონპროექტისადმი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა იმთავითვე გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას. კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს და მთლიანად საზოგადოებას.
ჩვენი ქვეყანა იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა თავისუფალი, ტოლერანტული საზოგადოების განვითარება. აღნიშნული კანონპროექტი კი წინააღმდეგობაში მოდის ამ ხედვასთან და გვაბრუნებს ტოტალური კონტროლის სფეროში.
გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან მივმართავთ საქართველოს პარლამენტს: შეწყდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და არ დაუშვათ, აღნიშნული კანონპროექტს კანონად ქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.