„ევოლუშენი": შემცირების პროცესი შეუქცევადია, გადაწყვეტილება არ შეიცვლება

პუბლიკა

„ევოლუშენ საქართველო” თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის გაფიცვის უფლებას, თუ ის განხორციელდება მოქმედი კანონის შესაბამისად”, თუმცა, მათივე თქმით, „უკანასკნელი კვირების განმავლობაში პროფკავშირის ქმედებები გასცდა კანონიერების ფარგლებს” და მათი „არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია”, რომ კომპანია იძულებულია, განახორციელოს შემცირებები, რომელიც შეუქცევადი პროცესია და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

„ევოლუშენ საქართველო” მონაწილეობდა მედიაციაში, სადაც, კონსტრუქციულ დიალოგში ვიყავით შესაბამის მხარეებთან. სამწუხაროდ, მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა და დასაქმებულების ნაწილმა გადაწყვიტა გაფიცვა.

აღსანიშნავია, რომ გაფიცვაში მონაწილეობდა კომპანიის თანამშრომლების სრული რაოდენობის 10%, შესაბამისად, 800-მდე დასაქმებული და არა 5 ათასი, როგორც ამას პროფკავშირი ავრცელებს. მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვაში მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ თითოეული თანამშრომლის გაფიცვის უფლებას, თუ ის განხორციელდება მოქმედი კანონის შესაბამისად.

სამწუხაროდ, უკანასკნელი კვირების განმავლობაში პროფკავშირის ქმედებები გასცდა კანონიერების ფარგლებს. მათ მიერ ინიცირებულმა და ორგანიზებულმა ქცევებმა, მათ შორის, შენობების შესასვლელების კანონსაწინააღმდეგო ჩაკეტვამ, დასაქმებულების ბულინგმა და სხვა, კომპანიის ათასობით დასაქმებულის უფლებებსა და თავისუფლებას საფრთხე შეუქმნა – რისკის ქვეშ დადგა მათი უსაფრთხოება და მთლიანად გამოირიცხა სამუშაო სივრცეში მათი შესვლისა და სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.

აღნიშნული დღესაც გრძელდება, რაც გამოიხატება კომპანიის მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი შენობის/სამუშაო სივრცის სრული ბლოკადით, სადაც პროფკავშირი, ძალისმიერი მეთოდებით, არ აძლევს დასაქმებულებს სამუშაო სივრცეში შესვლის შესაძლებლობას.

პროფკავშირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სამწუხაროდ აქ არ სრულდება, მათ ასევე დაანონსეს დიდუბის გზის გადაკეტვაც.

ევოლუშენი იცავს და მომავალშიც ყოველთვის დაიცავს ყველა მოქმედ კანონსა და რეგულაციას. კომპანიამ უკვე მიმართა და მომავალშიც მიმართავს კანონით გათვალსწინებულ ყველა ღონისძიებას დასაქმებულების უფლებების დასაცავად.

აღნიშნული გულისხმობს, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მხარემ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა.

აქვე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ პროფკავშირის არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია, რომ კომპანია იძულებულია, განახორციელოს შემცირებები, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ბაზარზე 6 წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილისა და ღირსეული გარემოს შექმნის შემდეგ.

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა მოვუწოდოთ ყველა ადამიანს, გაუფრთხილდნენ საკუთარსა და სხვების ჯანმრთელობას და არცერთი სახით არ მიაყენონ ფიზიკური თუ მენტალური ზიანი საკუთარ თავს ან სხვას.

ევოლუშენის საქართველოში წარმომადგენლობის შემცირების პროცესი შეუქცევადია, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

აქვე, ვიმეორებთ, რომ ევოლუშენი გმობს ნებისმიერი სახის უკანონობას, შესაბამისად მოვუწოდებთ ჩვენს თანამშრომლებს, არ აყვნენ პროვოკაციას და არ გახდნენ ძალადობრივი ქმედებების მონაწილე”, – ნათქვამია განცხადებაში.


„ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

ისინი განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება დღეს, 19 აგვისტოს 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი უკვე 39-ე დღეა გაფიცულია, ხოლო გაფიცულთაგან 3 ადამიანი მე-7 დღეა შიმშილობს.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.