„ევოლუშენის“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვას გეგმავს

პუბლიკა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი პროტესტის ნიშნად პირის ამოიკერვას გეგმავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პროფკავშირის „ლაბორ-ის“ წარმომადგენელმა განაცხადა.

„შევეცდებით დაველაპარაკოთ და გადავაფიქრებინოთ გადაწყვეტილება“,- განუცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც გზის გადაკეტვა იყო აღარ ჩატარდება, მისი განმარტებით კომპანია გაფიცულთა გაშევებას ცდილობს და „ამაში ხელი აღარ შეუწყვეს.“

დღეს, 19 აგვისტოს „ევოლუშენ საქართველომ” თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის გაფიცვის უფლებას, თუ ის განხორციელდება მოქმედი კანონის შესაბამისად”, თუმცა, მათივე თქმით, „უკანასკნელი კვირების განმავლობაში პროფკავშირის ქმედებები გასცდა კანონიერების ფარგლებს” და მათი „არამართლზომიერი ქმედებების პირდაპირი შედეგია”, რომ კომპანია იძულებულია, განახორციელოს შემცირებები, რომელიც შეუქცევადი პროცესია და გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

„ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

ისინი განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ. გაფიცულებმა დღეს 19 აგვისტოს განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება დღეს, 19 აგვისტოს 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებდა იძულებულები იქნებოდნენ თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაეკეტათ.

როგორც მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი გზა აღარ გადაკეტეს.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი უკვე 39-ე დღეა გაფიცულია, ხოლო გაფიცულთაგან 3 ადამიანი მე-7 დღეა შიმშილობს.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.